"ღირსების მარშის" ერთერთი ორგანიზატორი თამაზ სოზაშვილი ამბობს, რომ პრემიერის განცხადება ძალიან სამწუხარო იყო და აგრძელებდა იმ ნარატივს, რასაც ქართული ოცნება მისდევს ლგბტქ უფლებებთან დაკავშირებით.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია - სწორედ ამ განცხადებას აფასებს თამაზ სოზაშვილი "კოჭის გაგორებად".
„ძალიან სამწუხაროა, როცა პრემიერისგან მსგავსი შინაარსის განცხადებას ვისმენთ იქიდან გამომდინარე, რომ არაერთმა ორგანიზაციამ თქვა, რომ ეს ასე არ არსებობს, დაუშვებელია მოსალოდნელი რისკის გამო მშვიდობიან მოქალაქეებს აეკრძალოთ შეკრებისა და მანისფესტაციით სარგებლობის უფლება. სამწუხაროა, მან გააგრძელა კოჭების გაგორების სერია და კვლავ ამ ნარატივს აგრძელებს. საფრთხე არის, ჩვენ ვხედავთ - მინდა საზოგადოებას მივმართო, შეხედონ, რამდენად ჯდება მშვიდობიან ფორმებში ის, რაც რუსთაველზე მთელმა ქვეყანამ იხილა?" - ამბობს სოზაშვილი ფორმულასთან საუბრისას.
დღეს, 5 ივლისს 18 საათზე "ღირსების მარშია" დაანონსებული. ორგანიზატორები დღის განმავლობაში გაავრცელებენ მათ სამოქმედო გეგმას.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები სასულიერო პირებთან ერთად "ღირსების მარშის" კონტრაქციას მართავენ. მანამდე მათ ტერიტორიაზე განლაგებული ოპოზიციის კარვები დაარბიეს და ისე დაიკავეს ადგილი.